Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტაშკენტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა ფართოვდება                                                       

მიმდინარე წლის 10-დან 14 აპრილამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ტაშკენტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: გულნორა აბდურახმანოვა -ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; რაია  კარლიბაევა - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფინანსებისა და ბიზნეს ანალიტიკის კათედრის გამგე; სანჯარ მირზალიევი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;  სანჯარ ეშმატოვი - ასოც. პროფესორი და ჟაზირა  ბურანოვა - სასწავლო სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

აღნიშნული ვიზიტი ემსახურებოდა ტაშკეტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებას, რაც, სტუმართა აზრით, სასარგებლო იქნება ტაშკენტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ასევე თსუ-ის მაღალი საერთაშორისო რეიტინგი.

დელეგაცია მიიღო და ფაკულტეტის წარმატებებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობაზე, ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადება-განხორციელებაზე, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და  სემინარების/ვორკშოპების ორგანიზებაზე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ურთიერთგაცვლაზე.

თავის მხრივ, უზბეკმა კოლეგებმა ისაუბრეს მათი უნივერსიტეტის მიღწევებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, მიმდინარე საერთაშორისო საგრანტო პროექტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან თანამშრომლობის დაწყების მზადყოფნაზე.

საინტერესო იყო ასევე მათი შეხვედრა სტუდენტებთან, რაც შერეულ ფორმატში წარიმართა - მოხსენებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ტაშკენტის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას მასპინძლობა გაუწია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრამ.